logo
ENG



"საქართველოს მხედველობაშია EU-ის სტატუსი, წევრობა შორეული ოცნებაა" - Reuters-ის სტატია

13 დეკ 202301:15
3 წუთის საკითხავი
 
"საქართველოს მხედველობაშია EU-ის სტატუსი, წევრობა შორეული ოცნებაა" - Reuters-ის სტატია
ფორმულა/ვახო ქარელი

"საქართველოს მხედველობაშია ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, მაგრამ წევრობა ჯერ კიდევ შორეული ოცნებაა" - ამ სახელწოდებით Reuters-ი ევროკავშირის სამიტამდე 2 დღით ადრე სტატიას აქვეყნებს, რომელშიც საქართველოზე საუბრობს.

სტატიის თანახმად, იმ დროს, როდესაც უკრაინის იმედი ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე მიმდინარე კვირაში სამიტზე ცენტრალურ ადგილს დაიკავებს, "კიდევ ერთი პოტენციური წევრი, საქართველო, ასევე შეეცდება პროგრესს სასურველ კლუბში საბოლოო გაწევრიანებისთვის".

სტატიაში მოყვანილია გამოკითხვის შედეგებიც, რომლის თანახმადაც, საქართველოს 3.7 მილიონიანი მოსახლეობის 90% მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას. ამასთან, Reuters აღნიშნავს, რომ საქართველოს დედაქალაქში, თბილისში ყველგან ფრიალებს ევროკავშირის დროშები, როგორც სამთავრობო და ბიზნეს შენობებიდან, ასევე კერძო სახლებიდანაც.

ამასთან, გამოცემა წერს, რომ ქართველი ხალხის "ასეთი ენთუზიაზმი" არ იქნება საკმარისი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების უზრუნველსაყოფად. კერძოდ, სტატიაში ნათქვამია, რომ მიუხედავად "ქართული ოცნების მხრიდან EU-ს და NATO-ს წევრობის მხარდაჭერისა, რეფორმების გამოცდილებამ გააჩინა კითხვები, რამდენად სერიოზულია ეს".

"რუსეთის მიმართ მთავრობის შემრიგებელმა პოზიციამ ბრიუსელიც გააღიზიანა", - აღნიშნულია სტატიაში.

Reuters-ი სტატიაში ევროკავშირის ერთ-ერთ მაღალჩინოსანს ციტირებს, რომელიც გაწევრიანების მსურველ ქვეყნებთან მოლაპარაკებებში მონაწილეობს. ის ამბობს, რომ "საქართველოს შემთხვევაში, არის მთავრობა, რომელიც, როგორც ჩანს, უფრო დაინტერესებულია რუსეთთან ბიზნესის კეთებით, ვიდრე ევროკავშირის გზაზე წინსვლით".

ევროკავშირის მაღალჩინოსანმა, რომელმაც გამოცემასთან ანონიმურობის პირობით ისაუბრა თქვა, რომ საქართველომ უკან დაიხია ზოგიერთ საკვანძო რეფორმაში, თუმცა აქვე აღნიშნა, რომ "ევროკავშირს არ სურდა ისეთი ქვეყნის გაუცხოება, რომელიც სხვაგვარად შესაძლოა მოსკოვის ზეწოლის ქვეშ დაბრუნებულიყო". მისი თქმით, "ევროკავშირის შემდეგი ნაბიჯი ბალანსის პოვნაა".


close დახურვა